როცა წარმატებისკენ მავალ გზას ირჩევ, ყოველთვის მზად უნდა იყო თავდაუზოგავად მუშაობისა და ნებისმიერი სირთულის გადალახვისთვის-ტატა ბერიძე

Home   /   როცა წარმატებისკენ მავალ გზას ირჩევ, ყოველთვის მზად უნდა იყო თავდაუზოგავად მუშაობისა და ნებისმიერი სირთულის გადალახვისთვის-ტატა ბერიძე

როცა წარმატებისკენ მავალ გზას ირჩევ, ყოველთვის მზად უნდა იყო თავდაუზოგავად მუშაობისა და ნებისმიერი სირთულის გადალახვისთვის-ტატა ბერიძე

20 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელი და დირექტორი, GIFA საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი ტატა ბერიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებაზე ისაუბრა.

– ტატა, როდის გაგიტაცათ ციფრებმა და რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ციფრების სამყაროში მიაღწევდით წარმატებას?

– სიმართლე ვთქვა, ციფრებით გატაცებულს საერთოდ არ მიფიქრია წარმატებაზე, რადგან ციფრების უკან არსებული ინფორმაცია – მომხდარი ან სამომავლო ფინანსური მოვლენები უფრო მაინტერესებდა.

– სულ ცოტა ხნის წინ, მეტად მნიშვნელოვან ჯილდოზე – ლუკა პაჩიოლის ფინანსურ “ოსკარზე” წარგადგინეს. კონკრეტულად რას გულისხმობს პრემია?

– ამგვარ პრესტიჟულ პრემიაზე წარდგენა საქართველოს აღიარებას გულისხმობს საერთაშორისო ასპარეზზე. მართალია, ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობენ საზღვარგარეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი პროფესიის ადამიანების გააქტიურებაც, რათა ერთის მხრივ, ჩვენი პროფესია განვავითაროთ, მეორეს მხრივ, ვაჩვენოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომ საქართველოსაც ჰყავს კვალიფიციური ბუღალტრები და ფინანსისტები, რომლებიც თამამად მოერგებიან ნებისმიერ პოზიციას მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში. ვფიქრობ, ჩემი ნომინირება ფინანსურ “ოსკარზე” ჩემს კოლეგებსაც გაუხსნის გზას მსოფლიო სარბიელზე.

– რას აკეთებთ ფინანსური ინსტიტუტებისა და ბუღალტერიის გასავითარებლად და რომელი პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– პირველ რიგში, ფინანსური აღრიცხვების იმ საერთაშორისო სტანდარტებზე ვმსჯელობთ, რომლებიც საქართველოში ინერგება. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ფინანსისტის პროფესია ძალიან მაღალ დონეზეა წარმოჩენილი, ხშირად ტარდება საერთაშორისო კონფერენციები ჩვენი კავშირის ორგანიზებით. საბედნიეროდ, ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი სფეროს განვითარებაში.

– რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან?

– სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედით აზერბეიჯანიდან, სადაც თანამშრომლობის მეტად საინტერესო გზები დავსახეთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და უკვე შეძენილი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. ანალოგიური თანამშრომლობა გვაკავშირებს უკრაინასთან და მოლდოვასთან.

– კონკრეტულად რას გულისხმობს ორგანიზაცია Institute of Certified Bookkeepers?

– ორგანიზაცია ფინანსისტების და ბუღალტრების, ფინანსური და ტოპ-მენეჯერების განვითარებაზე ზრუნავს და ამ სფეროში დასაქმებულ ნებისმიერ მსურველს საერთაშორისო დიპლომთან ერთად საერთაშორისო აღიარების მოპოვების საშუალებასაც აძლევს.

– რას მიეძღვნება 26 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება?

– დეკემბრის ბოლოს დაჯილდოების ცერემონიას ვმართავთ, სადაც უამრავი სიურპრიზით გავახარებთ ფინანსისტებს. ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ფინანსური სექტორი საქართველოში ძალიან კარგადაა განვითარებული, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ დროა ვისაუბროთ მათ დამსახურებასა და როლზე ეკონომიკის განვითარებაში. მართალია, მსგავსი ღონისძიება შარშანაც მოვაწყვეთ, მაგრამ წელს ბევრად მასშტაბურად ვგეგმავთ ფინანსისტების, ბუღალტრების დაჯილდოებას და მათი პროფესიული მიღწევების აღნიშვნას, მით უფრო, რომ პანდემიის გათვალისწინებით წლევანდელი წელი სწორედ ჩვენთვის იყო ყველაზე რთული.

– ვინ მიიღებს მონაწილეობას დაჯილდოებაში?

– მონაწილეები მრავლად გვეყოლება, ფინანსისტების და ბუღალტრების, აუდიტორების, მსხვილი კომპანიების და მათი დამფუძნებლების ჩათვლით.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– სამომავლოდ სტუდენტური პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რომლებზეც ძალიან ინტენსიურად მუშაობს GIFA, რადგან სწორედ ინსტიტუტის ბაზაზე გადის 30-მდე სტუდენტი პრაქტიკას, რომლებიც მომავალ წელს სწორედ საკუთარი პროფესიონალიზმის წყალობით შეძლებენ სამუშაოს მოძიებას. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია საერთაშორისო პროგრამები მათთვის, ვისაც საერთაშორისო განათლების მიღება უნდა ფინანსური დირექტორის და მენეჯერის სპეციალობით.

– საახალწლო დღესასწაულებზე თოვლის ბაბუას თუ ელით?

– არა, რადგან თვითონ ვარ თოვლის ბაბუა და მე მელის მთელი ოჯახი.

– რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გუნდური პრინციპით მუშაობა?

– ბუღალტერთა კავშირის ყოველდღე 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.  სწორედ ამგვარმა მონდომებამ განსაზღვრა ჩვენი განვითარება და წარმატება. თანამშრომლებს მეტწილად მათი კრეატიულობის, გონებამახვილობისა და საზრიანობის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის გათვალისწინებით ვირჩევთ, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობას გადავუხადო ჩემს გუნდს ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის.

– როგორც ხელმძღვანელი რა ახალი თვისება აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

– არ შემიძლია გაბრაზება, ამასთანავე, ახლა უფრო მარტივად ვეგუები შეცდომებს და ნაკლებად ვაკრიტიკებ თანამშრომლებს მცირე გადაცდომისთვის.

– როგორი უნდა იყოს ბიზნეს პარტნიორი?

– სანდო და კრეატიული, რომელიც სწორედ იმ სფეროში იქნება ძლიერი, სადაც თვითონ მოვიკოჭლებ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ჩვეულებრივ სწრაფად ვიღებ, თუმცა ზოგჯერ დაფიქრებაც საჭიროა.

Visit Us On FacebookVisit Us On TwitterVisit Us On LinkedinCheck Our Feed